მეტროს მემანქანეების გაფიცვა

ომბუდსმენი: მეტროს მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვა საშიში პრეცედენტია

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, შრომითი უფლებებისათვის საზიანო და საშიში პრეცედენტია.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა 2018 წლის 3 მაისს დაგეგმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაფიცვა მაქსიმალური ვადით - 30 დღით გადავადდა. გაფიცვის დაწყების ახალ თარიღად 3 ივნისი გამოცხადდა, თუმცა, ამჯერად, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვა „სამუშაო საათებში“.

"პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს დასაქმებულის დროებით ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. სამუშაო საათების შემდეგ შრომითი ვალდებულებები დასაქმებულებს არც ეკისრებათ, რის გამოც "სამუშაო საათების შემდეგ“ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობასა და გაფიცვაზე საუბარი სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. გარდა ამისა, ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ გაფიცვის მხოლოდ ერთჯერადად, მაქსიმუმ 30 დღის ვადით გადადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ორგანული კანონი უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის მქონე აქტია და ამავდროულად შეიცავს სპეციალურ ნორმებს უშუალოდ გაფიცვის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ ამ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გაფიცვის პრაქტიკაში რეალიზება, რითაც ერთგვარად ილუზორულ და განუხორციელებელ უფლებად აქცევს მას" - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ სასამართლომ გაფიცვის შეზღუდვის გადაწყვეტილება ამჯერად სამოქალაქო საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო.

"ამას წინ უნდა უსწრებდეს ვარაუდი, რომ სარჩელი (გაფიცვის უკანონოდ ცნობა) დაკმაყოფილდება. თუმცა, სასამართლო არ მსჯელობს, თუ რას ემყარება აღნიშნული ვარაუდი და გაფიცვის უკანონობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინი, რის გამოც კითხვის ნიშნები ჩნდება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში საუბარია გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების განჩინების ზედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებისა და მეტროპოლიტენის პარალიზების ალბათობაზე, რაც სრულიად უგულებელყოფს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე სწორედ სააპელაციო სასამართლოს არასასურველი გადაწყვეტილების შედეგების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მეტროს მემანქანეებისათვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არღვევს გაფიცვის უფლების არსს" - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 21 მაისს გამოიტანა. წაიკითხეთ სასამართლოს განმარტება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები