ვარდების რევოლუციის მოედანი

კომისიამ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევის საკითხი მოიწონა

GHN

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევის საკითხი მოიწონა. საკითხს თბილისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს, რის შემდეგაც მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭება. კომისიის სხდომას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. 

"რატომ პირველი რესპულიკის მოედანი? გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წელი სრულდება და ამ თარიღთან დაკავშირებით ვახორციელებთ ჩვენს სახელდებას. დღეს კომისიამ და გუშინ საჯარო განხილვისას ისტორიკოსების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პირველი რესპუბლიკის მოედნის სახელის მინიჭების ვერსიას“, – განაცხადა ინტერპრესნიუსის ცნობით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.

ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით თბილისის საკრებულო 1 მაისს გამოვიდა, რაც თბილისის მერმაც მოიწონა. ოპოზიცია კი, ინიციატივას მკვეთრად აკრიტიკებს და მას ისტორიის გადახაზვის მცდელობას უწოდებს.

ვარდების რევოლუციის მოედანს ეს სახელი 2005 წელს დაერქვა. იქამდე, 1983 წლიდან, რესპუბლიკის მოედანი ერქვა.

კომენტარები