სპეცოპერაცია კლუბებში

კაფე გალერის მენეჯერი: სანამ ბასიანი არ გაიხსნება, ივენთებს არ ჩავატარებთ

კაფე გალერის მენეჯერის თქმით, კლუბ Bassiani-ს გახსნამდე, გალერიში ივენთი არ ჩატარდება. ამის შესახებ ვიოლეტა ყოლბაიამ Facebook-ზე დაწერა. 

გალერი სხვა კლუბებთან ერთად უერთდება Bassiani-ს დამფუძნებლების ორგანიზებულ აქციას, რომელიც 27 მაისს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება.

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ბასიანსა და გალერიში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

სპეცოპერაციის შემდეგ დროებით დაიხურა ორივე კლუბი, გალერის გუშინ ლუქი მოხსნეს, ბასიანი კი, ამ დრომდე დახურულია. კლუბის დამფუძნებლის თქმით, თუ ბასიანი 1 ივნისამდე არ გაიხსნება, ფინანსური დავალიანების გამო, მისი ოფიციალურად დახურვა მოუწევთ.

კომენტარები