ესპანეთი

ესპანეთის დაზვერვა რუსეთს კატალონიის კრიზისში ჩარევაში ადანაშაულებს

El Pais

ესპანური გამოცემა El Pais-ის მიხედვით ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების კიბერუსაფრთხოების განყოფილება კატალონიის კრიზისში რუსეთის ჩარევის შესახებ ეჭვებს გამოთქვამს.

ესპანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ანგარიშის მიხედვით გასული წლის მანძილზე რუსი აგენტები დეზინფორმაციის გავრცელების გზით კრიზისზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

სააგენტო არ აკონკრეტებს რა შემთხვევებზე დაყრდნობით გაჩნდა მსგავსი ეჭვები.

გასულის წლის ნოემბერში მსგავსი განცხადება გააკეთა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, მარიანო რახოიმაც. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ რახოის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ესპანეთმა მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს გაიმართა. ოფიციალურმა მადრიდმა ის არაკონსტიტუციურად ცნო. დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ ესპანეთმა რეგიონის მთავრობა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

დააპატიმრეს კატალონიის რვა ყოფილი მინისტრიც. ყოფილმა პრეზიდენტმა კარლეს პუჩემონტმა ქვეყანა დატოვა, თუმცა მოგვიანებით ის გერმანიაში დააკავეს და ამჟამად ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილებას ელოდება.

მიმდინარე თვეს კატალონიის პარლამენტმა რეგიონული ლიდერის პოსტზე ჟოაკიმ ტორა მეორე სესიაზე 66 ხმით 65-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კომენტარები