საქართველოს კონსტიტუცია

ომბუდსმენი: შემოქმედების თავისუფლების შესახებ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის შეფასებით, შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველია. ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ ბოლო მოვლენების, კერძოდ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის ინიციატივებისა და „აიისას“ საქმის გათვალისწინებით, "ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ინიციატივების ტენდენცია იკვეთება, რაც უაღრესად სამწუხაროა".

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

"ერთადერთი, სადაც შესაძლებელია ჩარევა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებაა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გავრცელება ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით უფლების შეზღუდვის უფრო მაღალი სტანდარტი დადგინდა და მიეთითა უფლების მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების მეშვეობით შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ.

კანონპროექტი კი ითვალისწინებს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დადგენილ აბსოლუტურ აკრძალვასთან. რაც შეეხება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას, კონსტიტუცია ადგენს შეზღუდვის ერთადერთ საფუძველს („სხვათა უფლებები“), თუმცა კანონპროექტი უფრო შორს მიდის და ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს, რაც ასევე აცდენილია კონსტიტუციურ სტანდარტს.

საყურადღებოა, რომ შემოთავაზებული ნორმის („შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“) მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა და მისი რეგულირების ქვეშაა ნებისმიერი საშუალებით და ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული ფასეულობა, რაც კანონპროექტის ეფექტის მასშტაბურობას უსვამს ხაზს" - აცხადებს სახალხო დამცველი და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი აღნიშნული სახით.

ომბუდსმენის რეკომენდაციები:

  • ნორმიდან ამოღებული უნდა იქნეს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობა, როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი;
  • შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის საფუძველი არ უნდა გასცდეს კონსტიტუციაში მითითებულ "სხვათა უფლებებს“;
  • კანონმა უნდა მოიცვას "სხვათა უფლებებში“ ნაგულისხმევი საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი, რათა შესაბამისობაში მოვიდეს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტებთან. ეს გულისხმობს შემოქმედების თავისუფლების მხოლოდ ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით შეზღუდვის შესაძლებლობას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს;
  • პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნის განხორციელებისაკენ, კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი;
  • ამასთან, "კულტურის შესახებ“ კანონში პირდაპირ უნდა აისახოს უფლების შეზღუდვის ტესტი, რისი მაგალითებიც არსებობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს კანონპროექტში ასახავს.

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა მოამზადეს. მისი მიღების შემთხვევაშიც ქვეყანაში შეიძლება შემოქმედებითი თავისუფლება შეიზღუდოს. აღნიშნული რისკი უკავშირედება კულტურის შესახებ კანონის ჩანაწერს, რაც ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობებს განსაზღვრავს. ცვლილება შედის საპროცესო კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც ერთადერთი უწყება, რომელსაც ნაწარმოების აკრძალვის უფლება ენიჭება არის სასამართლო.

კანონპროექტის მიხედვით ქვეყანაში ცენზურა დაუშვებელია გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • როდესაც ნაწარმოები ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეროვნულ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეთნიკურ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს რელიგიურ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს რასობრივ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები ქადაგებს ომს და ძალადობას;
  • როდესაც ნაწარმოები პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

კონსტიტუცია ნაწარმოების აკრძალვის მხოლოდ ერთ შესაძლებლობას აწესებს - როდესაც კონკრეტული ნაწარმოები ლახავს ადამიანის უფლებებს, ის შეიძლება აიკრძალოს. ის სია, რაც კულტურის შესახებ კანონის პროექტშია მოცემული, კონსტიტუციის ჩანაწერს შორდება.

კომენტარები