თავისუფალი ვაჭრობა

კაპანაძე: 2012 წლის შემდეგ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგი გაჩერდა

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ -სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგი გაჩერდა.

„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგი დავიწყეთ 2012 წელს. მაშინ საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტ ობამას შეხვედრის დროს, ეს იყო ერთერთი მთავარი საკითხი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ თემაზე მუშაობა გაჩერდა. პირიქით, მაშინ ჩვენ გვახსოვს პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც პირდაპირ აკრიტიკებდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ამბობდა, რომ თურმე მას არ უნდა ელაპარაკა თავისუფალ ვაჭრობაზე. აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას იმისთვის, რომ სტატიებში იწერებოდა თავისუფალ ვაჭრობაზე და ჩვენ თითქოს აშშ-ს ნებართვის გარეშე ვსაუბრობდით ამ თემაზე. რამდენიმე წელი შემდეგ ეს საკითხი მინელდა. კარგია, რომ ახლა ისევ განახლდა. უბრალოდ დაიკარგა რამდენიმე წელიწადი,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

განცხადება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2012 წლის 30 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის დიალოგზე ორ ქვეყანას შორის იმის თაობაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების კუთხით." 

2015 წელს კი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ საუბრები აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების შესახებ წინა ხელისუფლების „სპეკულაცია" იყო, რომელმაც აშშ-ის მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. მას შემდეგ, ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებებს არ აკეთებენ. 

 

კომენტარები