BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება

facebook.com/bassiani

კლუბ Bassiani-ს მფლობელების თქმით, 27 მაისს აქცია აუცილებლად გაიმართება.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ 27 მაისს დაანონსებული აქციის Facebook გვერდი წაიშალა. კლუბის დამფუძნებლების თქმით, მათ არ იციან ვინ წაშალა აქციის გვერდი და ამას არკვევენ. მიუხედავად ამისა, მათივე თქმით 27 მაისს აქცია მაინც შედგება.

"მიგვაჩნია, რომ აქციის გვერდის წაშლა მხოლოდ გაურკვევლობისა და უნდობლობის დათესვას შეიძლება ემსახურებოდეს და ვფიქრობთ რომ პირდაპირი დარტყმის მცდელობაა იმ საპროტესტო მუხტზე, რომელმაც ათასობით ადამიანი უკვე გამოიყვანა აქციაზე. ჩვენ ვარკვევთ გვერდის წაშლის მიზეზებს და ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გაგიზიარებთ. თუმცა, გადავწყვიტეთ, არ მივცეთ ამ აქტის ავტორს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ერთიანობასა და საერთო მიზნებისთვის ბრძოლას საფრთხე დაემუქროს. 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება. თუ რა ფორმით და სად, ამაზე ინფორმაციას შეთანხმებისთანავე გაგიზიარებთ." - წერია განცხადებაში.

კლუბი ასევე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც 12 მაისს სპეცოპერაციის შემდეგ სოლიდარობა გამოხატა.

გუშინ, 23 მაისს Bassiani გაიხნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით მათ საგამოძიებო ღონისძიებები დაასრულეს და კლუბის გასაღები დამფუძნებლებს გადასცეს.

დამფუძნებლების თქმით, პირველადი დათვალიერების შედეგად კლუბში დაზიანებული არაფერი არ არის.

Bassiani 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ დაკეტილი იყო. 12 მაისს ბასიანსა და გალერიში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების თქმით, მათ 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, აქედან კლუბის ტერიტორიაზე კი მხოლოდ ერთი.

კომენტარები