სააკაშვილი გაბუნიაზე: ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში

unian.net

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას გუშინდელი ეთერის შესახებ Facebook-ში პოსტს აქვეყნებს. სააკაშვილი წერს, რომ ხალხს აქვს უფლება გაბუნიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვოს. 

გუშინდელ გადაცემაში "არჩევანი", გიორგი გაბუნიამ ცენზურაზე საუბრისას მხატვრის, ლია უკლებას ნამუშევარი თვითმკვლელი ღვთისმშობელი მიმოიხილა. გაბუნიამ ნახატზე საუბრისას თქვა, რომ "ღვთისმშობელს ხელში სათამაშო თოფი უჭირავს და სინამდვილეში თავს ვერ მოიკლავს და ქრისტესაც მალე გააჩენს". მართლამდიდებლების ნაწილმა გაბუნიას ეს მონოლოგი მათი ე.წ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მიიღო. 

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ  ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი. ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში! ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის, ერთი ჟურნალისტიდან, მთლიანად რუსთავი ორზე განვრცობა და მთელს ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებში!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაბუნიას ამ მონოლოგის შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ. საპატრიარქო გადაცემას "ღვთის მგმობს" უწოდებს და წერს:"მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები."

კომენტარები