გამოხატვის თავისუფლება

ეთიკის ქარტია: საპატრიარქოს ბოიკოტი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ნაბიჯია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიის და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სამღვდელოებას და ყველა მოქალაქეს, “ვისთვისაც ღირებულია ეკლესია”, “რუსთავი 2-სთვის” ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ქარტია განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ბოიკოტი სწორედ ამ უფლების განხორციელებას უშლის ხელს, აგრესიის სამიზნედ აქცევს კონკრეტულ ჟურნალისტსა და ზოგადად მთელ მედიას. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს "რუსთავი 2-ის" წამყვანზე სხვა გადაცემის გამო თავდასხმის პრეცენდენტი, რა დროსაც 6 პირი დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი დღემდე არ დასრულებულა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ლარს საჯარო ფინანსებიდან ხარჯავს. ამასთან, ერთერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია. მისი საქმიანობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ ითანამშრომლოს და არსებულ კითხვებს უპასუხოს მათ შორის "რუსთავი 2-ის", როგორც ერთ-ერთი დიდი მაუწყებლის მეშვეობით. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ხელისუფლებას, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მაგალითი მისცეს საზოგადოების სხვა ჯგუფებს ამ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებით." - წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინდელ გადაცემაში "არჩევანი", გიორგი გაბუნიამ ცენზურაზე საუბრისას მხატვრის, ლია უკლებას ნამუშევარი თვითმკვლელი ღვთისმშობელი მიმოიხილა. გაბუნიამ ნახატზე საუბრისას თქვა, რომ "ღვთისმშობელს ხელში სათამაშო თოფი უჭირავს და სინამდვილეში თავს ვერ მოიკლავს და ქრისტესაც მალე გააჩენს". მართლამდიდებლების ნაწილმა გაბუნიას ეს მონოლოგი მათი ე.წ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მიიღო. 

გაბუნიას ამ მონოლოგის შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ. საპატრიარქო გადაცემას "ღვთის მგმობს" უწოდებს და წერს:"მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები."

კომენტარები