ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე სანქციები მკაცრდება

www.geo.tv

საქართველოს მთავრობამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით დანაშაულებზე სანქციები მკაცრდება.

შსს-ს ინფორმაციით, კანონპროექტის შექმნის მიზანი ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაა.

შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში იგეგმება.

კერძოდ, საუბარია შემდეგ ცვლილებებზე:

  • შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული;
  • ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა შეფასდება, როგორც არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაული და მოძალადე პირველ შემთხვევაზე გაცილებით მკაცრად დაისჯება;
  • გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება გათვალისწინებულია, როგორც დამამძიმებელი გარემოება და ამგვარი დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება;
  • ასევე, მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი). ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა - 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით;
  • დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

კომენტარები