ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა 27 მაისს აქციას გამართავს

rustavi2

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა დღეს, 27 მაისს, აქციას გამართავს. ზაზა სარალიძე გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვს.

„მოვუწოდებ ყველა ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პოლიტიკური პარტია იქნება, არაპოლიტიკური, მმართველი გუნდი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი თუ ვინ, დამიდგნენ გვერდში. საღამოს 7 საათზე ყოფილი პარლამენტის შენობასთან გელოდებით ყველას, რათა აღმოვფხვრათ ეს მარაზმი და ჭეშმარიტებას ფარდა ავხადოთ“ - ამბობს ზაზა სარალიძე.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 26 მაისს პროცესზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა თქვა, რომ მოკლულ დავით სარალიძეს სხეულზე არა ორი, არამედ მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა და მათგან ზოგი არა დანით, არამედ სხვა საგნითაც იყო მიყენებული.

მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზა პროკურატურის დავალებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავს.

"მესამე დღეა გრძლედება ნიკოლეიშვილის დაკითხვა. მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის პასუხები გამორიცხავს მხოლოდ და მხოლოდ იმ ორი დანის გამოყენებას ჩემი შვილის სხეულზე, რომელიც საქმის მასალებში დევს. აქ იკვეთება კონკრეტული საგნები, რომლითაც ჩემს შვილს სხეულზე ჭრილობები მიაყენეს, რაც სამხარაულის ექსპერტმა დამალა. დამალა ჭრილობების ის ფოტოსურათებიც, რომელიც მაია ნიკოლეიშვილმა წარმოადგინა, სადაც არის ჭრილობები სამკუთხა ფორმის და ზიგზაგის ფორმის. ეს დამალა ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით", - ამბობს ზაზა სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე , მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს.

კომენტარები