კრიმინალი

ძვირადღირებული სამკაულები, 14 000 ლარი, 100 000 რუბლი - ყაჩაღობისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი, 1988 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებული ნ.მ.-ს სახლს.

"თავდამსხმელებმა ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 14 ათასი ლარი, 100 ათასი რუბლი, 300 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ რ.გ. ბათუმში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ბრალდებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები