თელავის ბატონის მუზეუმი

Reginfo: თელავის ბატონის მუზეუმში, რომელიც პრემიერმა გახსნა, კანალიზაცია გასკდა

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

თელავის ბატონის მუზეუმში, რომელიც პრემიერმა გახსნა, კანალიზაცია გასკდა. ინფორმაცია თავდაპირველად Reginfo-მ გაავრცელა. როგორც გამოცემას მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა უთხრა, საკანალიზაციო მილი სიმძიმისგან გაიღუნა, გამტარუნარიანობა დაკარგა, გასკდა და წყალი ხელოვნების საცავში დაიღვარა. 

თუმცა, მისივე თქმით, კოლექციიდან არაფერი დაზიანებულა, გარდა ქართველი მხატვრების 4-5 ნახატისა, რომლებიც "დიდად ღირებული არ არის". 

„კოლექციიდან არაფერი დაზიანებულა. ქართველი მხატვრების 4-5 ნახატი დაზიანდა, დასველდა. ამოვიტანეთ და გავაშრეთ. დიდად ღირებული არ არის. შევატყობინეთ სამშენებლო კომპანია „ჯავას“ წარმომადგენლებს. გუშინვე ჩამოვიდნენ და დაზიანებული კანალიზაციის მილი აღადგინეს“, - უთხრა ურჩუხიშვილმა რეგინფოს

ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაცია თავად პრემიერმინისტრმა გაავრცელა. სამუზეუმო კომპლექსი კვირიკაშვილმა საზეიმოდ 16 მაისს გახსნა. 

კომენტარები