საფრანგეთი

22 წლის მიგრანტი, რომელმაც პარიზში ბავშვი გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებს

Thibault Camus

მიგრანტი, რომელმაც პარიზში ბავშვი აივნიდან გამოვარდნას გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიძვრება 22 წლის მამუდუ გასამა 6-სართულიანი შენობის აივნებზე, რათა ბავშვს მისწვდეს. ორი მეზობელი ცდილობს დაიჭიროს ბავშვი, სანამ დანარჩენები გასამას ამხნევებენ. 

გაზეთი “La Parisien” წერს, რომ გასამა ქუჩაში მიდიოდა, როდესაც შენობასთან შეკრებილი ხალხი დაინახა.

“ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ის ბავშვია. მე ავცოცდი აივნებზე... მადლობა ღმერთს, რომ შევძელი მისი გადარჩენა” - ამბობს გასამა გაზეთთან საუბრისას.

ორშაბათს, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მამუდუ გასამას პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა, იმისათვის, რომ პირადად გადაეხადა მადლობა.

“მე მას ვუთხარი, რომ ძალიან მადლიერები ვართ მისი საგმირო ქმედების გამო. საფრანგეთში მისი ემიგრაციის საკითხი აუცილებლად განიხილება უახლოეს მომავალში. ასევე მე მას საფრანგეთის მოქალაქეობაც შევთავაზე.” - დაწერა მაკრონმა თავის Twitter-ზე.

პარიზის მერი, ანე ჰიდალგოც დაუკავშირდა ტელეფონით გასამას, რათა მადლობა გადაეხადა. ჰიდალგომ თქვა, რომ გასამა მალიდან რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა და საფრანგეთში დარჩენის სურვილი აქვს.

“მე მას კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ მისი საგმირო ქმედება ყველა მოქალაქესთვის სამაგალითოა და პარიზი მხარს დაუჭერს მის საფრანგეთში დარჩენას” - თქვა ჰიდალგომ.

კომენტარები