საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი აპოლოგია

როგორც სჩანს, იერარქებს კვლავ ჩაეძინათ და ვერ შენიშნეს, როგორ იღვიძებს ტოტალიტარული მიდრეკილებების საპირწონედ, ქრისტიანობის რადიკალურად ინდივიდუალისტური ვერსია - ინსტიტუციური რელიგიის მიმართ იმედგაცრუებული და "წესების, კანონებისა და რიტუალების" მიმართ მტრული.

სანამ ჩვენი მამები და მამამთავრები პირში ბურთის ჩაჩრის საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობენ, ალბათ ვინმემ ქრისტიანულ სწავლებას ორიოდ სიტყვა უნდა შეაწიოს.

ქრისტიანული რწმენა რამდენადაც ინდივიდუალური და კერძოა, იმდენად კოლექტიური და ეკლესიურია. ღმერთი რამდენადაც "შენობითია", იმდენად "ჩვენობითია". მას შენობით მიმართავენ, მაგრამ ჩვენობით უხმობენ.

იესო ნაზარეველი ჩემი პირადი მხსნელია, მაგრამ ის "მამაო ჩვენოა" - ის ეკლესიის ღმერთია.

საუფლო ლოცვა შეგვახსენებს, რომ ჩვენ არ ვართ მეტაფიზიკური "დედისერთები" - დები და ძმებიც გვყავს.

ინდივიდუალური და პირადი, სხვისა და განსხვავებულის დავიწყებაში არ მოიპოვება, მათთან განკერძოებაში არ მიიღწევა.

ქრისტიანული ინდივიდუალიზმი არ არის უკიდურესი იზოლაციონიზმი. ქრისტე ჩემი მეგობარია, მაგრამ არა ცუღლუტი "ძმაკაცი".

ღმერთი ინსტიტუციებს არ მტრობს, მეტიც, მან რამდენიმე ასეთი თავადვე დაარსა. სახელმწიფო, ეკლესია და ოჯახი - სამი საყრდენია, რომელზეც დასავლური ცივილიზაცია დგას და ჩვენ მას საუკუნოდ უნდა მოვუფრთხილდეთ. მოვუფრთხილდეთ ჭკუით და არა მხეცობით.

გუშინ სწორედ ერთი ასეთის დაბადების დღე იყო. სულთმოფენობას ღმერთმა მისი ეკლესია დაარსა და საკუთარი თავი სწორედ ამ საკრებულოში მოგვიძღვნა.

როგორი დიდებული მასწავლებელიც უნდა იყოს პირადი გამოცდილება, ქრისტიანობა ამ გამოცდილებათა მიღმა გახედვაცაა - ქრისტეს სწავლება ის არ არის, რაც მე მგონია, ან მაწყობს. ქრისტიანობა ყველა "სათუთი აზრი" არ არის, რაც თავში მომდის.

სულთმოფენობის დღესასწაული გვასწავლის, რომ ეკლესია საჭიროა. "სხვები" - საჭიროა.

"მხოლოდ მე და მხოლოდ ღმერთი" - კარჩაკეტილი ნარცისიზმია. "მხოლოდ ჩვენ და მხოლოდ ღმერთი" - ტოტალიტარიზმი. ქრისტიანობა "მე, ჩვენ და ღმერთია". 

ქრისტიანთა ღმერთი არ არის მარტოდენ მხოლობითი, ის მრავლობითია. ქრისტიანული სამება თავად არის ზეინსტიტუცია, რომელშიც მისი პირები თავისუფლად მიმოცვლიან სიყვარულს. უკიდურესად მარტომყოფი ღმერთი საშიშია. საშიშია უკიდურეს მარტოობაში გამოკეტილი ქრისტიანიც.

სულ ერთია როგორ მოხვდება ეს ვისიმე მომეტებულად ესთეტიკურ ყურს - ჩვენ გვჭირდება წესები, რიტუალები და კანონები. ადამიანი ქრისტიანულ სწავლებაში არ არის დანახული, როგორც უპასუხისმგებლო თავნება. რიტუალები ჩვენი მენტორები არიან, წესების მიმართ პატივისცემას აძლიერებენ, გვზრდიან და მხარს გვიჭერენ.

ჩვენ ყოველდღიურად აღვასრულებთ რელიგიურ და არარელიგიურ რიტუალებს. კულტურა დგას ამ რიტუალურ ქცევებსა და მრავალრიცხოვან ინსტიტუტებზე. ქრისტიანთა ღმერთი მათთან ერთთად და მათში მოიპოვება.

იერარქიამ გული წაიბილწა, ხელი მიჰყო ცენზურას და იმაზე ბრაზდება, რაზეც იუმორის მქონე ადამიანს რთულად თუ გაგეცინება, მაგრამ ეს არ აუქმებს იერარქიას.

იერარქია საჭიროა და არა მხოლოდ საეკლესიო. 

ტოტალიტარიზმთან ბრძოლა, ინსტიტუტების სრულ დელეგიტიმაციას არ ნიშნავს. 

იერარქიასთან დაპირისპირება, ეკლესიის მტრობა არ არის.

არ შეიძულოთ ეკლესია. ორკებსაც ეგ უნდათ. 

სულთმოფენობას გილოცავთ.

კომენტარები