რომან აბრამოვიჩი

რომან აბრამოვიჩი ისრაელის ყველაზე მდიდარი მოქალაქე გახდა

რომან აბრამოვიჩი
Getty Images

რუსმა მილიარდერმა და საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. ის თელ-ავივში გადავა და ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქე გახდება.

ამის შესახებ განცხადება ისრაელის მთავრობის სპიკერმა გააკეთა.

ისრაელი მოქალაქეობას ყველა ებრაელს ანიჭებს, ვისაც ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა სურს. ისრაელის პასპორტის მფლობელებს დიდ ბრიტანეთში მოკლევადიანი ვიზიტებით ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ.

რომან აბრამოვიჩი ებრაელია და ისრაელს ხშირად სტუმრობდა. მას ისრაელის კვლევისა და გავითარების პროექტებში მილიონობით დოლარი აქვს ჩადებული.

The Times of Israel-ის მიხედვით აბრამოვიჩი მომდევნო 10 წლის მანძილზე გადასახადებისგან გათავისუფლდება და ამასთანავე არ მოუწევს შემოსავლების წყაროების და ქონების წარმომავლობის ახსნა.

შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთის ვიზა არ გაუგრძელეს. გავრცელებული ცნობით, ვიზის გასაგრძელებლად მას სწორედ შემოსავლების წყაროების და ქონების წარმომავლობის ახსნა მოსთხოვეს.

Financial Times-ის ცნობით ლონდონში მცხოვრები აბრამოვიჩი, რომელიც 9 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტ ქონებას ფლობს და რომელსაც კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვს, რუსეთში ვიზის გასაგრძელებლად დაბრუნდა. აბრამოვიჩი ინგლისში ინვესტორის ვიზით ცხოვრობდა. ვიზას ვადა გასულ თვეში გაუვიდა, თუმცა, ბრიტანეთის მთავრობამ მის გაგრძელებაზე უარი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო თქვა.

კომენტარები