დნმ-ის ნიმუშის იძულებით აღება

შსს: დნმ-ის ნიმუშების იძულებით აღების ნებართვა სასამართლომ მოგვცა

facebook

ფეისბუქზე ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცველები ადამიანის დნმ-ის ნიმუშის აღებას მისგან იძულებით იღებენ - დაკავებული უძალიანდება, რამდენიმე ადამიანი კი მას აკავებს და ცდილობს, ნიმუში ასე აიღოს. დაკავებული პერიოდულად ყვირის, რომ ცუდად არის. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უარყოფს, რომ მათ დნმ-ის ნიმუში იძულებით აიღეს. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ბრალდებული ნ.გ ყაჩაღობის მუხლით დააკავეს და ნერწყვის და ოფლის ნიმუში იძულებით სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში აიღეს. ბორცვაძე ამბობს, რომ ამისთვის მოსამართლის განჩინება არსებობდა. 

"საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო უწყების მიერ დაფიქსირებულ იქნა ვიდეოსაშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით, გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.

საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა მოსამართლის განჩინებით ნებადართული იძულების ის ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ოფლისა და ნერწყვის ნიმუშების ასაღებად.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს ბრალდებული ჯგუფურად თავს დაესხა ყ.თ.-ს და დ.თ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, წებოვანი ლენტისა და ერთჯერადი ხელბორკილის გამოყენებით თავისუფლება აღუკვეთა დაზარალებულებს, ფიზიკურად იძალადა მათზე - ერთ-ერთ დაზარალებულს მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობა, ხოლო მეორეს - სახის არეში დაზიანებები მიაყენა, გაიტაცა ოქროს სამკაულები და ავტომანქანა.

დაზარალებულებმა ბრალდებული ამოიცნეს. ნ.გ.-მ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, რის გამოც ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა. ბრალდებულმა ასევე უარი განაცხადა მისგან დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუშის აღებაზე, რის გამოც პროკურორმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ნიმუშის იძულებით აღების მიზნით განჩინების გაცემის თაობაზე". 

ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ ნიმუშის აღება სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებაა, რომლის ჩატარების უფლებამოსილება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, გააჩნია საგამოძიებო უწყებას.

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ნიმუშის იძულებით აღების შესაძლებლობას სასამართლოს განჩინებით, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე. ამასთან, კანონი იძლევა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით იძულების პროპორციული ზომების გამოყენების შესაძლებლობას. ბრალდებულმა უარი განაცხადა ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რის გამოც მისგან დნმ-ის (ოფლის და ნერწყვის) ნიმუშის იძულებით აღება განხორციელდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის N2 საპყრობილეში. ამასთან, საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა იძულების ის ზომა, რაც მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად.

შსს-ის ცნობით, ბრალდებულისგან ნიმუშის იძულებით აღების პროცედურა გამოძიებამ ვიდეოზე აღბეჭდა, ჩანაწერი კი სისხლის სამართლის საქმეს დაერთო და სხვა მტკიცებულებებთან ერთად, კანონის შესაბამისად, ბრალდებულის ადვოკატს გადაეცა. 

ბოცვაძის თქმით, "ნ.გ.-ს, ასევე, ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 23 ვაზნით და საინექციო შპრიცში, გახსნილ მდგომარეობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი".

ნ.გ-ს მიმართ შსს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აწარმოებს. 

კომენტარები