ბიტკოინი

გვენეტაძე: გარკვეულ პერიოდში, აუცილებელი იქნება კრიპტოვალუტების რეგულაციების მიღება

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, მოსახლეობას უნდა ესმოდეს ის გარემეობა, რომ კრიპტოვალუტებს საკმაოდ მაღალი მერყეობა ახასიათებთ, ამიტომაც შესაძლებელია მათში ინვესტირებისას "საკმაოდ დიდ სიურპრიზებს ჰქონდეს ადგილი". გვენეტაძის თქმით, დღეისთვის მთელი მსოფლიოს რეგულატორები ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ ტექნოლოგიას და ადრე თუ გვიან შესაძლებელია ქვეყნებმა მათზე რეგულაციები შემოიღონ. გვენეტაძე არ გამორიცხავს იმასაც რომ მომავალში მსგავსი რეგულაციები საქართველომაც მიიღოს. 

"ალბათ, გარკვეულ პერიოდში, აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება, მაგრამ მთელი მსოფლიო და ცენტრალური ბანკები ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში არიან თუ რა ფენომენია ეს. ის, რომ ტექნოლოგიური წინსვლა ხდება, ბლოკჩეინის გამოყენება ნამდვილად კარგია და ის, რომ გავლენას მოახდენს ფინანსური სერვისების მიწოდებაზე, ესეც ფაქტია, მაგრამ რამდენად შეცვლის მთლიანად ჩარჩოს და დამოკიდებულებას, ჯერჯერობით, დამერწმუნეთ ვერც ერთი დიდი ქვეყნის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსები აქვს გამოკვლევებთან და ექსპერიმენტებთან დაკავშირებით, ამაზე დასკვნას ვერ დებენ", - ამბობს კობა გვენეტაძე.

ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტა ბიტკოინია. ბიტკოინი მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტაა, მის უკან დგას სისტემა ბლოკჩეინი, რომელმაც სხვა დეცენტრალიზებული ვალუტების შექმნა გახადა შესაძლებელი. ამ დროისთვის ერთი ბიტკოინის ღირებულება $7,111 დოლარია. ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ ყველა ბიტკოინის საერთო ღირებულება $121 მილიარდია. 

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია. ბლოკჩეინი ინფორმაციის შენახვის სხვა მეთოდებისგან იმით განხვავდება, რომ ამ მეთოდში ინფორმაცია ერთ რომელიმე კომპიუტერში თუ სერვერში კი არაა თავმოყრილი, არამედ განთავსებულია ათასობით კომპიუტერში ბლოკების სახით, ინფორმაციის ამ ბლოკებიდან წაშლა ან შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბიტკოინის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა, რაც ინვესტორებს მისდამი გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის, თუმცა, სავარაუდოდ კრიპტოვალუტების ფართო დანერგვასთან ერთად ბიტკოინის ასეთი სწრაფი მერყეობა შემცირდება. 

კომენტარები