ფინანსები

ბუცხრიკიძე რეგულაციის შედეგზე: განვადებები 50%-ით შემცირდა, სამომხმარებლო სესხები 70%-ით

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე
ტაბულა

TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის პირველ შედეგებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სებ-ის მიერ გადახდისუნარიანობის შეფასების მოთხოვნის გამკაცრების შედეგად TBC-ში საგანვადებო სესხების გაცემა დაახლოებით 50%-ით შემცირდა, სამომხმარებლო სესხების შემცირება კი 70%-ია.

"7 მაისს ამოქმედებულმა რეგულაციამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა. სტატისტიკურად კვლავ მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. სულ სამი კვირაა, რაც ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ჩვენს ბანკზე დაყრდნობით, სამომხმარებლო სესხებზე დაახლოებით 50-70%-ით შემცირებულია გაცემა. რაც შეეხება განვადებებს, შემცირება 30-50%-ია",- საზოგადოებრივი მაუწყებლის იფნორმაციით ამბობს ბუცხრიკიძე.

7 მაისიდან, ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის შედეგადაც ბანკებს სესხების შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. ბანკები, რომლებიც ამ ლიმიტს მიაღწევენ, დაკარგავენ უფლებას, გასცენ ნებისმიერი ტიპის სესხი მომხმარებლის შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე. ახალი რეგულაციის მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

ცვლილების შედეგად ათასობით ადამიანს, სესხის აღება გაურთულდა. ეს გამოწვეულია იმით რომ განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა, ვისაც საკუთარი შემოსავლის დადასტურება არ შეუძლია. პირველ რიგში ესენი არიან თვითდასაქმებულები, რომელთაც შემოსავალი აქვთ თუმცა მათ შესახებ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია არ იძებნება. 

ამ რეგულაციის შედეგების შესახებ იხილეთ უფრო ვრცლად - როგორ გაურთულებს ახალი რეგულაცია ერთ მილიონამდე ადამიანს სესხის აღებას

კომენტარები