რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული რეგიონების აღიარებისთვის საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

0 კომენტარი

მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმმა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ გააკეთა.

"2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღოს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის  მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით", - განაცხადა დონდუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა და მათთან დიპლომატიურ ურთიერთობებს იწყებს.

განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ასადის რეჟიმის თქმით, ტერორისტული თავდასხმების დროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები სირიას მხარდაჭრას უცხადებდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები