სომხეთი

30 მაისს საქართველოში ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა

0 კომენტარი
ფოტო: GETTY

საქართველოს 30-31 მაისს, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

30 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.

პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

12:30 საათზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

19:15 საათზე, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

14 მაისს ნიკოლ ფაშინიანი სოჭში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. პუტინმა ამ შეხვედრაზე ფაშინიანს უთხრა, რომ რუსეთი სომხეთს რეგიონში ყველაზე ახლო მოკავშირედ მიიჩნევს და მას პოსტზე წარმატება უსურვა. "ჩვენ გვაქვს განსახილველი საკითხები, მაგრამ არის საკითხები, რასაც განხილვა არ სჭირდება და მათ შორისაა სტრატეგიული ურთიერთობები მოკავშირე სომხეთსა და რუსეთს შორის. გარწმუნებთ, რომ სომხეთში კონსენსუსია და არავის შეპარვია ეჭვი რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების სტრარეგიულობაში" - თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანს პრემიერმინისტრის პოსტზე სომხეთის პარლამენტმა მხარი 8 მაისს დაუჭირა. ფაშინიანის ერთერთი ინიციატივა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა. მისი თქმით, სომხეთი მზად არის, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა თურქეთთან ყოველგვარი წინასწარი დათქმების გარეშე. 

გარდა ამისა ფაშინიანმა განაცადა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მადრიდის პრინციპებზე დაყრდნობით, მოლაპარაკებაზე მზადყოფნა გამოთქვეს, თუმცა ისინი არ უნდა ხელმძღვანელობდნენ სტერეოტიპებით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები