აფგან მუხთარლი

1 წელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებიდან

0 კომენტარი

დღეს ერთი წელი გავიდა, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ და გატაცების საქმის ეფექტური გამოძიება და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს. შეკრებილები ასევე ამბობდნენ, რომ აუცილებელია, ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იყოს დაცული. 

​მუხთარლი 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს კი ის თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ჟურნალისტი ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა, მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

12 იანვარს ბაქოს სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა დასდეს. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომაც. 

მუხთარლის საქართველოდან გატაცების საქმეს საქართველოს პროკურატურაც, ადამიანის უფლებათა სახლის მოთხოვნით იძიებს, თუმცა, უწყებას ამ დრომდე კონკრეტული შედეგები არ აქვს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მუხთარლის საქმის გამოძიებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნასაც ითხოვდა, თუმცა ამას მმართველი გუნდი ეწინააღმდეგებოდა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობდნენ, რომ მათ ეჭვი უჩნდებათ, ნამდვილად გაიტაცეს თუ არა საქართველოდან ჟურნალისტი. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები