საქართველო-სომხეთი

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

GETTY

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღებს. პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

სომხეთის პრემიერმინისტრი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება. 

გარდა ამისა, საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან. ამის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

ფაშინიანს პრემიერმინისტრის პოსტზე სომხეთის პარლამენტმა მხარი 8 მაისს დაუჭირა. ფაშინიანის ერთერთი ინიციატივა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა. მისი თქმით, სომხეთი მზად არის, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა თურქეთთან ყოველგვარი წინასწარი დათქმების გარეშე. 

14 მაისს ნიკოლ ფაშინიანი სოჭში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. პუტინმა ამ შეხვედრაზე ფაშინიანს უთხრა, რომ რუსეთი სომხეთს რეგიონში ყველაზე ახლო მოკავშირედ მიიჩნევს და მას პოსტზე წარმატება უსურვა.

"ჩვენ გვაქვს განსახილველი საკითხები, მაგრამ არის საკითხები, რასაც განხილვა არ სჭირდება და მათ შორისაა სტრატეგიული ურთიერთობები მოკავშირე სომხეთსა და რუსეთს შორის. გარწმუნებთ, რომ სომხეთში კონსენსუსია და არავის შეპარვია ეჭვი რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების სტრარეგიულობაში" - თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები