IRI-ის კვლევა

IRI: პოლიციის, მინისტრების, პარლამენტის, სასამართლოს და პროკურატურის ნდობა შემცირდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გაზრდილია მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ.

ახალი მონაცემებით, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა 50%-ია, 2013 წლის მაისის კვლევაში ეს მონაცემი 88% იყო.

საზოგადოების ნდობა შემცირდა სხვა ინსტიტუტების მიმართაც, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის (შემცირდა 45%-ით), პარლამენტის (შემცირდა 47%-ით), პროკურატურისა (შემცირდა 24%-ით) და სასამართლოს (შემცირდა 30%-ით) მიმართ.

"არც ისე დიდი ხნის წინ, ქართული პოლიცია აღიქმებოდა კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითად. თუმცა, უკანასკნელმა კვლევამ გვაჩვენა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ ნდობის კლება, რაც ყურადსაღებია და სავარაუდოდ, დაკავშირებულია საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმასთან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციისა და კრიმინალის დონე გაიზარდა", - აცხადებს სტივენ ნიქსი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი.

გაზრდილია საზოგადოების ნდობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიმართ - 2016 წლის მარტის კვლევაში ეს მაჩვენებელი 27% იყო, ახლა კვლევაში კი გაზრდილია და 43%-ს შეადგენს.

ეს ნდობა ყველაზე მაღალ ნიშნულს სამცხე-ჯავახეთსა (60%) და აჭარაში (59%) აღწევს. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით, კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ ჩაატარა. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე საქართველოს 1500 მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.

კომენტარები