IRI-ის კვლევა

IRI-ს კვლევით, ხელისუფლების ყველაზე დიდი მარცხი შეუსრულებელი დაპირებებია, მიღწევა - ჯანდაცვა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) დღეს საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, რა არის ხელისუფლების სამი ყველაზე დიდი მარცხი? - მოსახლეობის 19% პირველ არჩევნად შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებს, 7-7% კი - ეკონომიკის გაუარესებას და უმუშევრობას.

რაც შეეხება საერთო არჩევანს, ხელისუფლების ყველაზე დიდ მარცხად შეუსრულებელ დაპირებებს მოსახლეობის 24% ასახელებს, ხოლო ეკონომიკის გაუარესებას და უმუშევრობას 12-12%.

კითხვაზე, რა არის ხელისუფლების სამი ყველაზე დიდი მიღწევა - პირველ ადგილზეა ჯანდაცვის სისტემა (17%), მას მოსდევს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა (9%) და სიტყვის თავისუფლების გაუმჯობესება (4%), ეს პასუხები რესპონდენტებმა პირველ არჩევნად დაასახელეს, რაც შეეხება საერთო არჩევანს - 22% მიიჩნევს ხელისუფლების დიდ მიღწევად ჯანდაცვის სისტემას, 15% - ვიზალიბერალიზაციას და 7% - სიტყვის თავისუფლებას.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში გამოკითხეს საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე. რესპონდენტთა
გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%.

კომენტარები