ეკონომიკური ზრდა

ბახტაძე: 6.5%-იანი ეკონომიკური ზრდა შესაძლებელი ჩვენმა რეფორმებმა გახადა

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აპრილის ეკონომიკურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე. საქსტატის მონაცემებით, აპრილში ზრდამ 6.5% შეადგინა, ხოლო 2018 წლის იანვარ-აპრილში საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.5% იყო.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია თვითონ ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომ ის დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში, თანაბრად გადანაწილდეს ყველა მოქალაქეზე და მივიღოთ საქართველოში ინკლუზიური ტიპის ეკონომიკური ზრდა. ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 22%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 15%-იანმა ზრდამ. 

საჯარო ფინანსების მხრივ აპრილში ბიუჯეტში 780 მილიონი ლარი შევიდა, ხარჯებმა კი 765 მილიონი ლარი შეადგინა. 

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.7%-ს შეადგენდა. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები