ტრანსპორტი

შენარჩუნდება არსებული ტარიფები - მერია ტრანსპორტის გაძვირებას უარყოფს

თბილსის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს რომ საქალაქო ტრანსპორტის - მეტროს და ავტობუსის გადახდის სისტემის მირკოავტობუსების გადახდის სისტემასთან ინტეგრაცია არ გამოიწვევს ტარიფების მატებას. ბითაძის თქმით, შენარჩუნდება ყველა ის შეღავათი და ტარიფი რაც დღეს მოქმედებს. 

"იმ შემთხვევაში თუ ფრანგული კომპანია "სისტრას" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის სისტემის ინტეგრირება რა თქმა უნდა შენარჩუნდება ყველა ის შეღავათი და ყველა ის ფასი, რომელიც ამჟამადაა დადგენილი", - ამბობს ბითაძე.

თბილისის მერია ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების რესტრუქტურიზაციას გეგმავს. ამ მიზნით მერიის დაკვეთით ფრანგული კომპანია "სისტრა" ატარებს კვლევას. ასევე დაგეგმილია გადახდის სისტემის გაერთიანება. ამჟამად მეტროსა და ავტობუსების გადახდის სისტემა ერთიანია, ეს ნიშნავს რომ თუ თქვენ იმგზავრეთ მეტროთი, ხოლო 1.5 საათის განმავლობაში ახვედით ავტობუსში, ელექტრონული ბარათით გადახდის დროს თქვენ ფულს არ იხდით. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებული ტარიფები ასეთია: მეტრო/ავტობუსი - 50 თეთრი, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის - 20 თეთრი, არსებობენ სხვა ჯგუფებიც, რომლებიც მსგავსი შეღავათებით სარგებლობენ. ელექტრონული ბარათით გადახდის შემთხვევაში ერთი გადახდა საკმარისია 1.5 საათის განმავლობაში მეტროს/ავტობუსის მეშვეობით უფასოდ მგზავრობისთვის გადაჯდომების რაოდენობის მიუხედავად. მიკროავტობუსის საფასური 80 თეთრია, ელექტრონული გადახდის შემთხვევაში დღის განმავლობაში მეორე, მესამე და აშ. მგზავრობა 65 თეთრი ღირს. 

"სისტრას" კველვის ფარგლებში უნდა მოხდეს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი ქსელის შემუშავება/მოდიფიკაცია, მგზავრთა ნაკადების დათვლა და ამასთანავე, ინტეგრირებული საბილეთო სიტემის შექმნა.

ერთ-ერთი შესაძლო ცვლილება რუსთავიდან და მცხეთიდან მომავალი მიკროავტობუსებისთვის ქალაქის სიღრმეში შემოსვლაზე ლიმიტების დადგენა შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ქალაქის ცენტრში მიმავალ მგზავრებს უფრო მეტი გადაჯდომა მოუწევთ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, მეტროს ყოველდღიურად დაახლოებით 400,000 მგზავრი გადაჰყავს, ხოლო ავტობუსის მგზავრთა რაოდენობა კი დაახლოებით 350,000-ია. 

ამ დროისთვის ზუსტი გეგმა რომლის მიხედვითაც ხაზების რესტრუქტურიზება უნდა მოხდეს ცნობილი არაა. 

კომენტარები