სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ხორავაზე მკვლელობაში ერთი ბრალდებული გამართლდა, მეორე მკვლელობის მცდელობაში ცნეს დამნაშვედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რასაც სასამართლოს შენობასა და შენობის გარეთ ხმაური მოჰყვა.

"ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში. მეორე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში, ოღონდ მოხდა მუხლის გადაკვალიფიცირება 19-109-ს მიმართულებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ეს განაჩენი კიდევ ერთხელ მეტყველებს პროკურატურის უსუსურობას, იმას, რომ საქმე არ იყო გამოძიებული. ამ განაჩენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დავით სარალიძეს მიყენებული აქვს 12 ჭრილობა და ამ განაჩენით ეს ვერ იქნა დასაბუთებული, ანუ მოსამართლეს სხვა გზა აღარ ჰქონდა", - აცხადებს ადვოკატი.

იმის გამო, საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

პროკურატურის ვერსიით, დაპირისპირება სკოლაში, პნევმატური იარაღის გამო დაიწყო, თუმცა, 51-ე სკოლის დირექტორის და მოსწავლეების თქმით, "ეს იყო სათამაშო თოფი".

კომენტარები