ზაზა სარალიძე აქციებს აანონსებს და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

რუსთავი 2

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აქციებს აანონსებს და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. ზაზა სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელები "დასჯილები არ არიან." 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რასაც სასამართლოს შენობასა და შენობის გარეთ ხმაური მოჰყვა.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

პროკურატურის ვერსიით, დაპირისპირება სკოლაში, პნევმატური იარაღის გამო დაიწყო, თუმცა, 51-ე სკოლის დირექტორის და მოსწავლეების თქმით, "ეს იყო სათამაშო თოფი".

კომენტარები