აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

კიმ იონ-ჩოლი და მაიკ პომპეო
AFP

ნიუ-იორკში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდნენ. გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი განიხილეს.

ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება და ისინი მაიკ პომპეოს ქვეყნის დატოვებამდე კვლავ შეხვდებიან.

დელეგაციის წევრებს შორის 72 წლის გენერალი კიმ იონ-ჩოლიცაა, რომელსაც სამხრეთ კორეა 2014 წელს Sony Pictures-ზე კიბერთავდასხმაში და 2010 წელს სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს, რასაც 46 მეზღვაური ემსხვერპლა. ამ ინციდენტების გამო აშშ-მა პერსონალურად მას სანქციები 2010 და 2015 წლებში დაუწესა.

კიმ იონ-ჩოლი სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზეც იმყოფებოდა, რომელსაც დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 24 მაისს გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგებოდა.

მიმდინარე კვირაში მან დაადასტურა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასამართად ჩრდილოეთ კორეას ეწვივნენ. პრეზიდენტის თქმით მათ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან ერთად სამიტის ჩატარება განიხილეს.

The Washington Post-ის მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოები მრჩეველი ელისონ ჰუკერი, პენტაგონის წარმომადგენელი და ფილიპინებზე აშშ-ის ელჩი სუნ კიმი ჩავიდნენ. ისინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით ფხენიანს ოფიციალური ვიზიტით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ეწვია და კიმ ჩენ ინს შეხვდა.

კომენტარები