თბილისის მერია

კომპანია, რომლის მშენებლობასაც კლდის ჩამოშლა მოჰყვა, ოცნების მსხვილი შემომწირველია

კლდის ჩამოშლა ყიფიანის ქუჩაზე
იბერია

ძველ თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის მთაზე სასტუმროს მშენებლობას კლდის ჩამოშლა მოჰყვა. ყიფიანის ქუჩის მაცხოვრებლებმა მომხდარის გადაღება შეძლეს. 

მშენებლობის ნებართვის მიხედვით, 60-ნომრიანი სასტუმროს პროექტს კომპანია "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ +" ახორციელებს. კომპანიის მეპატრონეები ძმები ბეჟან და ბიძინა წაქაძეები არიან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ +"-ის დირექტორმა ბიძინა წაქაძემ 2016 წლის 3 აგვისტოს ქართულ ოცნებას ფიზიკური პირისთვის დასაშვები მაქსიმალური თანხა - 60,000 ლარი შესწირა.

მშენებარე სასტუმროს პროექტი


ფოტო: GDG

მომხდართან დაკავშირებით თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ინვესტორი ახსნა-განმარტებებისთვის მერიაში დაიბარა. 

"მოხდა კლდის ჩამოშლა იქ, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს, ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე დაიბაროთ კომპანია, ვინც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი მერიაში - რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. და დღეს გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით" - თქვა კალაძემ. 

წაქაძის კომპანია GDG-ს თბილისის ცენტრში აშენებული აქვს რამდენიმე მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი. მათ შორის საცხოვრებელი სახლი მთავრობის ადმინისტრაციის მოპირდაპირედ და კომპლექსი აბაშიძის 70-ში. 

კომენტარები