მკველელობა ხორავას ქუჩაზე

შოთაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: უცხოელ პროკურორებს ჩავრთავთ, ექსპერტიზა ლოზანაში ჩატარდება

მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თქმით, ბრალდების მხარე ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ "საზოგადოებას კითხვები არ დარჩეს", ყველა ექსპერტიზა ჩატარდება შვეიცარიის ქალაქ ლოზანას საექსპერტო ბიუროში. გარდა ამისა, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქმეში ჩაერთვებიან საერთაშორისო პროკურორები.

"მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას და ზაზა სარალიძეს, ჩვენ ვართ ღია და არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო" - თქვა შოთაძემ და აღნიშნა, რომ საქმეში ადვოკატთან ერთად ჩართავენ მოკლული დავით სარალიძის უფლებამონაცვლეს - ზაზა სარალიძესაც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რასაც სასამართლოს შენობასა და შენობის გარეთ ხმაური მოჰყვა.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

პროკურატურის ვერსიით, დაპირისპირება სკოლაში, პნევმატური იარაღის გამო დაიწყო, თუმცა, 51-ე სკოლის დირექტორის და მოსწავლეების თქმით, "ეს იყო სათამაშო თოფი".

კომენტარები