კლდის ჩამოშლა

კლდის ჩამოშლის გამო მშენებლობა შეჩერდა, მერიამ GDG-ს კლდის გამაგრება დაავალა

თბილისის მერია

ძველ თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის მთაზე სასტუმროს მშენებლობას კლდის ჩამოშლა მოჰყვა. კახა კალაძის დავალებით თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით მშენებლობა შეჩერებულია. მერიამ ინვესტორ კომპანია "GDG +"-ს კლდის გამაგრება დაავალა. 

"ჩვენ მოვითხოვთ დამატებით დასკვნებს. მოხდება კიდევ ერთხელ გადამოწმება და შესწავლა უკვე არსებული დოკუმენტაციისა და დამატებითი დასკვნების წარმოდგენა. როგორც ჩვენ ერთხელ უკვე დავავალეთ ერთ-ერთ მხარეს მომიჯნავე კედლის გამაგრება, ასევე დაევალებათ მეორე და მესამე მხარეს მომიჯნავე კედლის გამაგრება. კონსტრუქტორებთან, გეოლოგებთან ერთად ამ ყველაფერს გავივლით, იქნება დასკვნები და მას შემდეგ გვექნება პასუხი ამ მშენებლობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- ამბობს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი.

კლდის ჩამოშლის ვიდეო

მშენებლობის ნებართვის მიხედვით, 60-ნომრიანი სასტუმროს პროექტს კომპანია "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ +" ახორციელებს. კომპანიის მეპატრონეები ძმები ბეჟან და ბიძინა წაქაძეები არიან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ +"-ის დირექტორმა ბიძინა წაქაძემ 2016 წლის 3 აგვისტოს ქართულ ოცნებას ფიზიკური პირისთვის დასაშვები მაქსიმალური თანხა - 60,000 ლარი შესწირა.

მშენებარე სასტუმროს პროექტი


ფოტო: GDG

კომენტარები