სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ლომჯარია: მკვლელობის სხვა მონაწილეების გამოსავლენად გამოძიება აქამდეც უნდა დაწყებულიყო

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლეობის საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გამოძიებამ დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა.

ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში მონაწილე სხვა დამნაშავეების გამოსავლენად. ნინო ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ ამის საფუძველი აქამდეც არსებობდა.

"სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული მხარე აღნიშნულ გარემოებაზე ღიად აპელირებდა, გამოძიება სხვა პირების მიერ მკვლელობის ფაქტზე დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა ფაქტობრივად გამორიცხავდა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში სხვა მონაწილე დამნაშავეების გამოსავლენად. ასევე, ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან სასმართლო სხდომაზე გამოკვლეული ესქერტიზის დასკვნით დავით სარალიძეს სასიკვდილო სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ.

​მისივე თქმით, კითხვები არსებობს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიების მიმართულებითაც, იმ კუთხით, თუ რამდენად ამომწურავია პასუხისგებაში მიცემულ პირთა სია, რომლებსაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის დაფარვას.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, საზოგადოებას გააცნოს ამ დროისთვის არსებული ყველა სხვა მიმდინარე გამოძიების მასალები ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს სხვა პირთა მიერ მკვლელობის გამოძიება და მიმდინარე გამოძიების მასალები გააცნოს სახალხო დამცველს", - აცხადებს ლომჯარია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლა სახალხო დამცველის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო და ის თავიდანვე ჩართული იყოს საქმეში.

"ვესწრებოდით სასამართლო სხდომებს, ვხვდებოდით დაზარალებულ და ბრალდების მხარეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახალხო დამცველს არ ჰქონდა წვდომა გამოძიების საქმის მასალებზე. ამ მასალებზე ჩვენ გვექნება წვდომა მხოლოდ დღეის, განაჩენის გამოტანის შემდგომ. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამოძიების მასალებს სახალხო დამცველი სრულად შეისწავლის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლემ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძის მკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 1 ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოს შენობაში და ეზოში ხმაური იყო. დაზარალებულები გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

სასამართლოს ეზოში სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. შსს-ს მათ წვრილმან ხულიგნობასა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი).

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. ის ამ მოთხოვნით პროკურატურასთან აქციას მართავს.

კომენტარები