სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო": მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს

0 კომენტარი
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიჩნევს, რომ მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს.

TI ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

"მიგვაჩნია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო, საქმეზე არასათანადო ზეგავლენის არსებობის შესახებ, საზოგადოებაში არსებული კითხვებისთვის დამაჯერებელი პასუხების გაცემა. სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი განაჩენიც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა საქმის სრულყოფილად გამოძიება.

საზოგადოებაში წლებია არაერთი კითხვა არსებობს გახმაურებული საქმეების მიკერძოებულად და არასრულყოფილად გამოძიების თაობაზე, რაც პროკურატურის მიმართ ნდობის შემცირების მიზეზიც გახდა. პროკურატურას ამჟამად დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა, ხოლო უწყების დღევანდელ ხელმძღვანელობას არ აქვს ამ ნდობის დაბრუნების უნარი. ამ ვითარებაში, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს თანამდებობიდან", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლემ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძის მკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 1 ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოს შენობაში და ეზოში ხმაური იყო. დაზარალებულები გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

სასამართლოს ეზოში სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. შსს-ს მათ წვრილმან ხულიგნობასა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი).

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. ის ამ მოთხოვნით პროკურატურასთან აქციას მართავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები