დროებითი საგამოძიებო კომისია

როდის შექმნილა და რა ბერკეტები აქვს დროებით საგამოძიებო კომისიას

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტმა მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობასთან დაკავშირებით. ამ კომისიის შექმნას დილიდან პარტია ევროპული საქართველო ითხოვდა. კომისიის შექმნას თავდაპირველად ქართული ოცნება ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურასთან ვითარება გამწვავდა და მოკლული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ აქციების გამართვა დაანონსა ქართულმა ოცნებამ პოზიცია შეცვალა. მათ კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოუწოდებდა. 

როდის შექმნა პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისია?

ფაქტჩეკმა საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა დოკუმენტაცია იმის შესახებ თუ როდის დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი. ორგანიზაციამ 1992 წლიდან დაწყებული 2015 წლით დამთავრებული მიიღო ინფორმაცია. საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით 34 საკითხი განიხილა. მათგან საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ 6 საკითხზე მიიღო. 

საგამოძიებო კომისიები, რომელთა შექმნაზეც 2004-2012 წლებში პარლამენტმა უარი თქვა:

  • სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • ფრაქცია “ძლიერი საქართველოს” ინიციატივით გათვალისწინებული დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • სამართალდამცავი ორგანოების ცალკეულ თანამშრომელთა მიერ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების საქმეთა შემოწმებისა და გამოძიების თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა;
  • 2007 წლის ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევის ფაქტების შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა;
  • საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა.

საგამოძიებო კომისიები, რომელთა შექმნაზეც 2013 წლის შემდეგ თქვა პარლამენტმა უარი:

  • შალვა თავთუხაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
  • პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული კადრები, სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საზოგადოების სხვა წევრების ტოტალური მოსმენების ფაქტების შესწავლა;
  • ბარბარე რაფალიანცის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (მათ შორის, საყდრისი-ყაღაღიანის საბადოსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანია RMG -ის მიერ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების საკითხის) შესწავლა (სამჯერ);
  • იური ვაზაგაშვილის, ბარბარე რაფალიანცის, შალვა თავთუხაშვილის, ერასტი კინწმარიშვილისა და არჩილ მაისურაძის გახმაურებული მკვლელობების ფაქტების შესწავლა;
  • ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
  • ჯიჰადის” სახელით გავრცელებული ვიდეო მასალის წარმომავლობისა და დამამზადებლის გამოვლენის ფაქტების შესწავლა;
  • თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საჯარო განცხადება სასამართლოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით;
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ივანე მერაბიშვილის საჯარო განცხადება 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით;
  • საქართველოს პარლამენტის წევრზე, ნუგზარ წიკლაურზე 2014 წლის 31 მარტს მომხდარი თავდასხმის ფაქტის შესწავლა;
  • ბარბარე რაფალიანცის, ერასტი კინწმარიშვილისა და შალვა თავთუხაშვილის მკვლელობების ფაქტების შესწავლა.
  • აფგან მუხთარლის გატაცების შემსწავლელი კომისია.

რა უფლებამოსილება აქვს დროებით საგამოძიებო კომისიას?

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, ასევე იმ შემთხვევაში როდესაც საკითხი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს. 

კანონის მიხედვით, საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა ეკუთვნის ოპოზიციას. 

"დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია წერილობით მოითხოვოს და საქართველოს მთავარი პროკურორის ნებართვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, აგრეთვე გამოძიების არდაწყების შესახებ არსებულ მასალებს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში მოიპოვება მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები.

დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი", - წერია რეგლამენტში.

კომენტარები