ხორავას ქუჩის საქმე

"ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო" - მაკა ჩიჩუა აქციაზე მივიდა

მაკა ჩიჩუა
2030.News / 2030.News

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა. აქცია - "ნუ მომკლავ" მთავარ საგამოძიებო უწყებასთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

"მე დუშეთიდან ჩამოვედი, დავტოვე ჩემი ორი პატარა და ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო, ჩემს მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე" - განაცხადა ჩიჩუამ და აღნიშნა, რომ აქციაზე მისვლით თავისი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირა.

პირველი ლედის თქმით, ის ხედავს ადამიანს, რომელსაც შვილი მოუკლეს და რომელსაც აქვს ძალიან ბევრი კითხვა.

"მას აქვს ეჭვები, რაზეც პასუხი ძალიან ცინიკური და უცნაურია, ჩემი აზრით, რასაც ვუყურებ გვერდიდან. მე არ ვარ პროფესიონალი ამ საქმის, არ ვარ პროკურორი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს უსამართლობის განცდა ეუფლება ყველას, ყველა ჩვენგანს. ეს ამბავი უნდა გაირკვეს ბოლომდე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს მშვიდად და წყნარად" - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი, გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო სარალიძის არა მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძის მკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 1 ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოს შენობაში და ეზოში ხმაური იყო. დაზარალებულები გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. სასამართლოს ეზოში სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. შსს-ს მათ წვრილმან ხულიგნობასა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი).

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. ის ამ მოთხოვნით პროკურატურასთან აქციას მართავს.

კომენტარები