ხორავას ქუჩის საქმე

დათო სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ-ს 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება მეორე მოკლულ ლევან დადუნაშვილს, მის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ საბოლოო სასჯელის ვადა შემცირებულია. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის ვადა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მას სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მეორე ბრალდებულს გ.ჯ.-ს სასჯელის სახით თავდაპირველად 13 წლით თავისუფლებლის აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

კომენტარები