ხორავას ქუჩის საქმე

შსს: დავადგენთ ყველა იმ პირს, ვინც სასამართლო განხილვის შედეგებზე გავლენა მოახდინა

შსს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გადაიბარა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად დაიწყო, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

"კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ქმედებებით ისინი გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ. გუშინ უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. გამოკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზევე დაადგინა და დააკავა ის პირები, რომლებმაც ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დაფარეს.

ამჟამად მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა" - განაცხადა ბორცვაძემ.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა (მიესაჯა 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა), ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ (მიესაჯა 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა). 

სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მოკლული არასრულწლოვნის მამამ პროკურატურასთან აქციები დაიწყო. ზაზა სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელები დაუსჯელები არიან და ეს სასამართლო გადაწყვეტილებამაც დაადასტურა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელებს ხელს პროკურატურა აფარებს. მან, მხარდამჭერებთან ერთად, მთავარი პროკურორის გადადგომა მოითხოვა.

გუშინ საღამოს, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც, ხალხმრავალმა აქციამ პარლამენტის ძველ შენობასთან გადაინაცვლა. მონაწილეებმა ირაკლი შოთაძის და მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. მოგვიანებით, მოთხოვნების სია გაიზარდა - აქციის მონაწილეებმა ნინო გვენეტაძეს, ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს გადადგომისკენ მოუწოდეს. შემდეგ კი, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

გვიან ღამით, პარლამენტთან პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. მას სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს, ბოთლები ესროლეს და შეძახილით „წადი“ გააძევეს. ამის შემდეგ, პრემიერმა ბრიფინგი მთავრობის კანცელარიაში გამართა და განაცხადა, რომ დღეიდან, ხორავას ქუჩის საქმე შსს-ს დაუბრუნდება. გარდა ამისა, გუშინ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა იქნება უმრავლესობაში, ხოლო ახალ მთავარ პროკურორს "ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსით" შეარჩევენ.

ზაზა სარალიძის შეფასებით, შსს-სთვის საქმის გადაცემა "უმეცარი ნაბიჯია". მისი მტკიცებით, მოწმეები დაშინებულია, ხოლო ნივთმტკიცებები - განადგურებული. ის ითხოვს ყველა იმ პირის დაკავებას, ვინც დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა.

კომენტარები