კომუნიკაციები

2017-ში მობილური ინტერნეტის მოხმარება გაორმაგდა, მასზე წვდომა მოსახლეობის 77%-ს გაუტოლდა

flickr.com

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2017 წელი საქართველოში მობილური ინტერნეტის განვითარებისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი იყო.

2017 წელს საქართველოს მოსახლეობამ 63,525 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარა, რაც 2016 წელთან შედარებით, 90%-ით მეტია.

რაც შეეხება აბონენტების რაოდენობას მან 2.86 მილიონს შეადგინა (აბონენტად ითვლება SIM ბარათი, რომელმაც კვარტლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოიყენა მობილური ინტერნეტი).

ანგარიშის მიხედვით, აბონენტების შეფარდება ქვეყნის მოსახლეობასთან 0.77-ს შეადგენს, ეს ნიშნავს რომ საქართველოს მოსახლეობის 77%-ს აქვს მობილურ ინტერნეტთან წვდომა. 

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს პირველად შემცირდა სატელეფონო ზარების საერთო ჯამური მოცულობა. გასულ წელს საქართველოს მოსახლეობამ ტელეფონზე სულ 9.7 მილიარდი წუთის განმავლობაში ისაუბრა, რაც 2016 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. სავარაუდოდ, ეს კლება სატელეფონო ზარის უფასო ალტერნატივის - ინტერნეტ ჩეთისა და ინტერნეტ ზარების განვითარებამ გამოიწვია. 

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სულ 5.7 მილიონი აბონენტი (მოქმედი SIM ბარათია), ეს ნიშნავს რომ საქართველოს ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 1.57 ნომერი მოდის. 

რაც შეეხება მობილური ოპერატორების შემოსავლებს, მან 2017 წელს 448 მილიონი ლარი შეადგინა, ეს 2016 წელთან შედარებით 8%-ით მეტია.

ბაზრის განაწილება ოპერატორების მიხედვით ასეთია:

  1. მაგთი - ბაზრის 37%
  2. ჯეოსელი - ბაზრის 35%
  3. ბილაინი - ბაზრის 26%
  4. სილკნეტი - ბაზრის 0.3%

 

კომენტარები