სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

აქცია "ნუ მომკლავ" რუსთაველის გამზირზე 2 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება

ტაბულა

აქცია "ნუ მომკლავ" რუსთაველის გამზირზე 2 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება.

შესაბამისი განცხადება სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ გააკეთა.

აქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიას უკვე ტოვებს, ნაწილი კი კვლავ კარავში აპირებს ღამის გათენებას.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ აქციები 31 მაისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მისი შვილის მკვლელი პასუხისგებაში მიცემული არ არის. მოსამართლემ ორი ბრალდებულიდან ერთი სარალიძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, მეორეს კი ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამასთან, სასამართლომ ორ ბრალდებულს შორის ერთ-ერთი გაამტყუნა ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში.

ზაზა სარალიძემ აქციები სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად ის მოქალაქეებთან ერთად პროკურატურასთან მივიდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნის შედეგად, თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.

ამის შემდეგ, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნაა დაისაჯოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი, ასევე, ის ადამიანები, ვინც მათ ხელს აფარებენ. დავით სარალიძე ითხოვს საქმის პროკურორების პასუხისმგებლობასაც, რადგან, მისი თქმით, მათ მტკიცებულებები გააყალბეს.

გარდა ამისა, აქციის მოთხოვნაა პრემიერმინისტრის და მთავრობის გადადგომაც. 31 მაისის ღემს პარლამენტთან გიორგი კვირიკაშვილიც მივიდა, სადაც მას მოქალაქეებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

პრემიერმა ამის შემდეგ მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეს შსს დაიბრუნებს და გამოძიების პროცესს გიორგი გახარია წაიყვანს, თვითონ კი ყველა ნაბიჯში ჩართული იქნება მთლიანად პროცესს გააკონტროლებს.

ხორავას ქუჩაზე ორი 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს. ერთი ბრალდებული პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა, მეორე კი რამდენიმე დღიანი მიმალვის შემდეგ, სამართალდამცველებს ჩაბარდა. სასამართლო განხილვების პროცესში როგორც დაზარალებულების, ასევე ბრალდებულების ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ საქმეში სხვა მოზარდებიც ფიგურირებდნენ. თუმცა, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე ორმა ახალგაზრდამ მოკლა. აღსანიშნავია ისიც, რომ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი პირი პროკურატურის თანამშრომლის და სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის შვილია. ამის გახმაურების შემდეგ, მირზა სუბელიანმა პროკურატურა დატოვა.

კომენტარები