სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

გახარია დადუნაშვილის მამას შეხვდა, მზადაა ზაზა სარალიძესთან შეხვედრისთვისაც

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა და მზადაა ზაზა სარალიძეს უპირობოდ შეხვდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას - ზაზა სარალიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს", - აცხადებენ შსს-ში

შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე დაესწრნენ.

"ბატონ დავით დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი, რომ შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მიეღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც თვითონაც გაუჩნდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ. ჩვენ მივირეთ პასუხი იმაზე, რომ ორი მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება - ერთი არის მოწმეზე ზემოქმედების ნაწილში და მეორე - შეუტყობინებლობის ნაწილში. როგორც გვითხრეს, ამ საქმეების გამოძიება გაერთიანდება. გადაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც იყვნენ შემთხვევის თვითმხილველები და უახლოეს პერიოდში რაღაც გარკვეულ შედეგებს უნდა ველოდოთ", - აცხადებს დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი, ხათუნა მაღლაკელიძე.

სახალხო დამცველის ინფორმაციით კი, რომელიც ასევე იმყოფებოდა შევხედრაზე, შსს-ში უთხრეს, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა არასრულწლოვნის დაკითხვა თავიდან დაიწყო.

"ამ ტიპის შეხვედრებში ჩემი მონაწილეობის მიზანი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებამდე მაქსიმალურად მივიტანო ის კითხვის ნიშნები და საეჭვო გარემოოებები, რაზეც დაზარალებული მხარეები საუბრობენ. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგვიცხადა, რომ ძირითადად, ორი მიმართულებით მათ აქვთ გამოძიებაში პროგრესი. ეს ეხება როგორც მოწმეზე ზემოქმედებას, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას და გარკვეულ ახალ გარემოებებზეც საუბრობენ ისინი. ასევე, მათ განგვიცხადეს, რომ დაიწყო თავიდან დაკითხვა ყველა იმ არასრულწლოვნის, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფლიქტში. იმედი აქვთ, რომ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. ასევე, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ისინი მათ შორის სახალხო დამცველსაც გადასცემენ ყველა იმ ინფორმაციას, რაც არის გამოძიების მასალებში, რათა ჩვენც გვქონდეს საშუალება გავეცნოთ და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები", - განაცხადა ლომჯარიამ.

შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველს და დადუნაშვილის ოჯახს გამოძიების პროცესში არსებულ სიახლეებს სისტემატიურად გააცნობენ.

კომენტარები