სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პრემიერი: საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა უახლოეს დღეებში დამტკიცდება

Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემდეგ, ჟურნალისტებტან განაცხადა.

"უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება უკვე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება. ხვალიდანვე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც შეჯერდება პოზიციები, ხოლო კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში უკვე კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. ასე რომ ეს პროცესი წავიდა", - ამბობს კვირიკაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობა საბოლოოდ ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბდება.

"ვისაუბრეთ ამ კომისიის ფორმირების პრინციპებზე. მათ შორის ვისაუბრეთ ჩვენი მხრიდან სავარაუდო შემადგენლობაზე, რომელიც იქნება წარმოდგენილი კომისიაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდება კომისიის შემადგენლობა მას შემდეგ, რაც გავივლით კონსულტაციებს ოპოზიციასთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ კომისიის სავარაუდო შემადგენლობაში იქნებიან ფრაქციის თავმჯდომარე და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე.

"განვიხილეთ სავარაუდო შემადგენლობა, რომელთა შორის არის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ფრაქციის თავმჯდომარე. საბოლოო შემადგენლობაზე უკვე ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ შევთანხმდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, გონივრულ დროში, ეს კომისია შეძლებს, რომ საქმესთან დაკავშირებით ყველა გარემოებასთან, ყველა კითხვასთან მიმართებაში საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია", - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დაგაწყვეტილება პარლამენტმა 31 მაისს, ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ მიიღო. არსებული ინფორმაციით, კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობაში იქნება.

რა შესაძლებლობები აქვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები