თბილისის მეტრო

კალაძე: მეტროს მემანქანეებს პატრულზე, მეხანძრეზე, სასწრაფოს ექიმზე მაღალი ხელფასი აქვთ

თბილისის მერია

მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით, თბილისის მერი კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს. მისი შეფასებით, ის, რომ დღეს თბილისის მეტრო არ მუშაობს, არის შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ.

"არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო.

მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულია 24000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასრულებენ ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. ყოველი მათგანის შრომა არის საპასუხისმგებლო და დასაფასებელი. დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თბილისსა და თბილისელებზე.

ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩება - ვიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც გაიზრდება და გაუმჯობესდება  მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა.

რაც შეეხება მეტროს მემანქანეთა არსებულ ხელფასებს, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც მოცემულია მეტროს მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატების ოდენობა, რომელიც მეტია, ვიდრე პატრულის თანამშრომლის ხელფასი, რომელიც მეტია, ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველების, მეხანძრეების  ხელფასები.

ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში- საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ და გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე.

მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე.

მინდა შეგახსენოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება. ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

მინდა შევაჯამო ჩემი განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტო:

მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას.

მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების ხელფასები.

მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

და ბოლოს, მინდა ბოდიში მოვუხადო თბილისის მოსახლეობას მეტროს მემანქანეების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის. მინდა მივმართო და ვთხოვო მათ თანადგომა, რადგან თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა.

ვინაიდან მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი (მხედველობაში მაქვს მუნიციპალური ავტობუსები) მოსახლეობას მოემსახუროს უფასოდ. ამასთან, არსებულ ავტობუსების ნაკადებს დავამატებთ ჩვენს ხელთ არსებულ რეზერვებს.

მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე და კანონზე მაღლა და დაუყონებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზარალოს დედაქალაქი და მოსახლეობა" - ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.

მემანქანეების გაფიცვის გამო, დღეს თბილისის მეტრო ვერ გაიხსნა. მეტროსადგურებში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ - "მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ".

მეტროს მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მეტროს მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ. მათ სასამართლომ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მისცა, თუმცა, "ერთობა 2013"-ში გაერთიანებული მემანქანეები მაინც გაიფიცნენ.

"დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია. ერთობა 2013-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო“, - აცხადებს მეტროს მემანქანეთა პროფკავშირი "ერთობა 2013". 

კომენტარები