სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა ევროპულ საქართველოს ექნება

parliament.ge

დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე იმუშავებს, უმრავლესობა ევროპულ საქართველოს ექნება. პარლამენტში განმარტავენ, რომ კომისიაში 17 წევრი იქნება, აქედან 9 იქნება ევროპული საქართველოდან.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარეც საპარლამენტო უმცირესობიდან იქნება.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კომისიაში იქნება პარტიოტთა ალიანსის წარმომადგენელიც, რომლებთანაც, მისი თქმით, კონსულტაციები უკვე გაიმართა და კვლავ გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია კომისიაში მონაწილეობას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, მას კვოტას საპარლამენტო უმრავლესობა დაუთმობს. ასევე, მისი თქმით, ამ 8 ადამიანს შორის შეიძლება იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

"პრინციპული საკითხი იყო ოპოზიციის, რომ ჰქონოდათ გადამწყვეტი გავლენა პროცესზე და ამასთან დაკავშირებით არის მიღწეული შეთანხმება. ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი მიზანი - ეს არის ნათელის მოფენა იმ საქმეზე, რომელიც არის დაკავშირებული ამ ძალიან მძიმე დანაშაულთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სუბიექტი, რომელიც იქნება დროებით საგამოძიებო კომისიაში, ამავე სულისკვეთებით იმოქმედებს, კომისია აუცილებლად მიაღწევს შედეგს. ჩვენი მთავრი და ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ ყველა დეტალი იყოს გაცხადებული ამ საქმესთან დაკავშირებით და ყველაფერი გაირკვეს", - განაცხადა კობახიძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა კომისიაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას შეიცვლის, ისინი კომისიაში უმრავლესობის, ანუ 9 წევრის ნაწილი იქნებიან.

"უმრავლესობა ამ კომისიაში ექნება საპარლამენტო უმცირესობას, ევროპულ საქართველოს. თუ ნაციონალური მოძრაობა შეიცვლის აბსოლუტურად გაუგებარ, დაუსაბუთებელ და აბსურდულ პოზიციას კომისიაში არ მონაწილეობის თაობაზე, მაშინ უმრავლესობა ექნება ევროპულ საქართველოს და ნაციონალურ მოძრაობას ერთად. და სწორედ იმისთვის, რომ ეფექტური ყოფილიყო ამ კომისიის მუშაობა, როგორც კომისიის, საჭირო იყო მკაფიო უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობის და საპარლამენტო რეალური ოპოზიციის, ამ შემთხვევაში ევროპული საქართველოსი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ევროპული საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა კომისია იყოს ეფექტური წნეხი ხელისუფლებაზე და დადგინდეს, ვინ და რატომ მიიყვანა ვითარება აქამდე.

"ბუნებრივია, ამ კომისიას არ აქვს შესაძლებლობა ვინმეს დაჭერის, მაგრამ ამ კომისიის ვალდებულებაა, ისევე როგორც პარლამენტის და პასუხისმგებლიანი ოპოზიციის, რომ ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა ამ ჩიხური ვითარებიდან, რომელშიც ივანიშვილის გუნდმა შეიყვანა ქვეყანა ამ ტრაგედიის შემდეგ, გამოვიდეთ ისე, რომ დადგინდეს, ვინ და რატომ მიიყვანა ეს ვითარება აქამდე, რა პოლიტიკის შედეგი იყო ეს და რა კონკრეტული ნაბიჯების შედეგი იყო ეს. სწორედ ეს იქნება ამ კომისიის ამოცანა", - ამბობს ბოკერია.

კომენტარები