სამინისტრო: წულუკიანი მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციებს იწყებს

თეა წულუკიანი
Reuters

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა - საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები დაიწყო. დღეს, 4 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებს და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა დაეგზავნათ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა.

"კონსულტაციების მიზანია პროკურატურის ხელმძღვანელის არჩევნების მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა და ამ პროცესის შედეგად საუკეთესო პროფესიონალების გამოკვეთა, რომლებიც არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური საზოგადოების ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. ამგვარად წარმართული პროცესი არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭომ, რომელმაც უნდა აირჩიოს ქვეყნის მთავარი პროკურორი, ღირსეული და საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატურებს შორის გააკეთოს არჩევანი" - აცხადებს სამინისტრო.

მთავარ პროკურორად შეიძლება აირჩეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.

"მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს" - აღნიშნავს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ კონსულტაციების შედეგად, იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის პოსტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაწყებული აქციების შემდეგ დატოვა. 

კომენტარები