თბილისის მერსა და მეტროს გაფიცულ მემანქანეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერსა და მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან ერთობა 2013-ის წარმომადგენლები და დედაქალაქის ვიცემერები. 

შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისს თბილისის მეტრო ვერ გაიხსნა. მეტროსადგურებში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ - "მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ".

მეტროს მემანქანეები ხელფასის 45%-იან მატებას ითხოვენ. მათ სასამართლომ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მისცა. ამის გამო, "ერთობა 2013"-ში გაერთიანებული მემანქანეები კვირას, 4 ივნისს გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. შესაბამისად, 5 ივნისის დილით სამსახურში მისულმა მემანქანეებმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარეს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელფასების 45%-იანი მატება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მისივე თქმით, მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მოსახლეობას შანტაჟის ენით ესაუბრებიან.

კომენტარები