Check in Georgia

ინვესტორთა საბჭო მთავრობას Check in Georgia-ს გაუმჭვირვალობისთვის აკრიტიკებს

ტაბულა

EBRD-ის, ADB-ის, IFC-ის, ამერიკის სავაჭრო პალატისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით შექმნილი ინვესტორთა საბჭო საქართველოს მთავრობას პროექტ Check in Georgia-ს გაუმჭვირვალობისთვის აკრიტიკებს. 

ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშში საუბარია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ეფექტურობისა და სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს შესახებ. 

"არსებობს გონივრული შეშფოთების საფუძველი Check in Georgia გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით,"- წერია ანგარიშში.

ინვესტორთა საბჭო პროექტის ღონისძიებათა კალენდარს "არარაციონალურად" მოიხსენიებს. 

"Check in Georgia-ს ღონისძიებათა კალენდარი რაციონალურ შინაარს მოკლებულია: გაუმართლებელია მსხვილი ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვა ზაფხულში, როდესაც ტურისტული სეზონი ისედაც პიკშია", - წერია ანგარიშში. 

ინვესტორთა საბჭომ სახელმწიფოსთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც უმჯობესია მსხვილი ღონისძიებები დაბალი ტურისტული აქტივობის დროს დაიგეგმოს, რათა ამ პერიოდში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების დამატებითი მოზიდვა მოხდეს და ტურისტულ სეზონებს შორის ვიზიტორთა ნაკადი დაბალანსდეს. ამავდროულად, საბჭო მთავრობას მოუწოდებს Check in Georgia-ს უკეთესად შესაფასებლად შესაბამისი ექსპერტები მოიწვიოს. 

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რაც საბჭომ გასცა არის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მარკეტინგული ღონისძიებების მრჩეველთა საბჭოს შექმნაა. საბჭოს შეფასებით, ეს ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვაში კერძო სექტორის წვლილს გაზრდის. 

Check in Georgia მთავრობამ 2016 წელს დაიწყო, მაშინ პროექტი 28 მილიონი ლარით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა და მის ფარგლებში კონცერტები გამართეს Maroon 5-მა, რობი უილიამსმა, ეროს რამაზტომა და ხოსე კარერასმა.

პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდა, თუმცა მასში ცვლილება შევიდა და კერძო სპონსორების წილი არტისტების ჩამოყვანაში გაიზარდა. 2017-ში კონცერტი გამართა Aerosmith-მა, ასევე დაფინანსდა Gem Fest-ი, სადაც DJ-ეებს საერთო ჯამში 2 მილიონი ლარის ჰონორარები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ: Axwell & Ingrosso, Martin Garrix, Steve Aoki და სხვები.

2018 წელს Check in Georgia-ს ბიუჯეტი 20 მლნ ლარს შეადგენს. წელს ღონისძიებებში ქართული ესტრადის წილი გაზრდილია. მაგალითად, სახელმწიფო ლელა წურწუმიას, გიო ხუციშვილის, სტეფანეს, 33ა-ს, სახეს დავით კენჭიაშვილისა და სხვა შემსრულებლების კონცერტებს აფინანსებს. 

კომენტარები