ბლოგი

დემოკრატიის ხარისხი და ეკონომიკური განვითარება

ტექსტი სრულად გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს. ავტორი არჩილ იაკობაშვილი.

გასულ თვეს ხელისუფლებამ ძალიან უცნაური ფორმულირება შემოგვთავაზა, როცა შეეცადა თავსებადობის შეფასებას ე.წ. "ეკონომიკურ განვითარებასა" და "დემოკრატიის ხარისხს" შორის. მთავრობამ აღნიშნა რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე გასცდა ღრუბლებს, მხოლოდ ეკონომიკურად მოვიკოჭლებთ, რომ სულ ცოტაც და შვეულად ავფრინდებით. - იყო ტაში და უსასრულო ოვაციები, მაგრამ არავითარი თვითკრიტიკა.

უპირველესად, ნამდვილად არათანამედროვედ შესაფასებელია მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საკუთარი უნიათობა-უპასუხისმგებლობის გადაფარვის და იმავდროულად თვითკმაყოფილობის წარმოჩენის მიზნით ასეთი მეთოდოლოგიის გამოყენება.

მეოცე საუკუნეში წარჩინებული ორთოდოქსი მარქსისტი უნდა ყოფილიყავი, რომ ოცდამეერთე საუკუნეში "დიალექტიკური მატერიალიზმი" ამოგექექა მეთოდების სკივრიდან! ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში რაღა დროს "დიალექტიკური მატერიალიზმის" მეთოდებით მსჯელობის დროა?!

მაგრამ კარგით, არაა პრობლემა – "დიალექტიკური მატერიალიზმით" ცდილობთ ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის პარალელების განსაზღვრას?

ჩვენც იგივე მეთოდით შევეცდებით "ჩაანალიზებას".

2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში ნამდვილად გაჩნდა ლიბერალური დემოკრატიის ჩანასახი (ე.ი. კოალიციური ხელისუფლება vs ძალიან ძლიერი ოპოზიცია) – შედეგი მივიღეთ "უზარმაზარი", რაც სათანადოდ შეაფასა Economic Intelligence Unit-მა, რომელიც The Economist-ისა და Bloomberg-ის დაკვეთით ყოველწლიურად აფასებს მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს.

EIU დემოკრატიის ინდექსი: 2011 წელი საქართველო - 4.74 ქულა, 102 ადგილი, 2012 წელი: 5.53 ქულა/93 ადგილი, 2013 წელი: 5.95 ქულა/80 ადგილი, 2014 წელი: 5.82 ქულა/81 ადგილი, 2015 წელი: 5.89 ქულა /82 ადგილი, 2016 წელი: 5.93 ქულა/80 ადგილი, 2017 წელი: 5.93 ქულა/79 ადგილი.

მაგრამ როგორც EIU-ს მონაცემებიდან ჩანს, 2012 წლის შემდეგ უკვე მეექვსე წელიწადია თითქმის ერთ ნიშნულზე ტრიალებს საქართველოს დემოკრატიის ინდექსი, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს აღნიშნული ინსტიტუტი. ე.ი. დემოკრატიის დეფიციტია.

და არც არის გაუმჯობესების შანსი, სანამ საქართველო კვლავ არ დაადგება ლიბერალური დემოკრატიის გზას, რაც ე.წ. "საკონსტიტუციო უმრავლესობის" მმართველობის პირობებში არის შეუძლებელი.

"საკონსტიტუციო უმრავლესობა" შეიძლება არის ჰეტეროგენული, მაგრამ პოლიტიკურად არ არის კოალიციური და იმართება ავტორიტარულად. ავტორიტარიზმის შემდეგ მომდევნო გაჩერებას "დიქტატურა" ჰქვია.

გასული საუკუნის 20–იანი წლების ევროპული გამოცდილება ადასტურებს, რომ დემოკრატიის დეფიციტის მიუხედავად "დიქტატურა" არ ყოფილა თვითმიზანი, მაგრამ დიქტატურისკენ ბუნებრივად მიდის ის ხელისუფალი, რომელიც ავტორიტარიზმით ვეღარ უმკლავდება სახელისუფლებო გამოწვევებს.

ამიტომაც არის ხელისუფლების განაწილება აუცილებელი, რაც მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის პირობებში არის შესაძლებელი.

სწორედ დემოკრატიის დეფიციტია იმის მიზეზი, რომ პოლიტიკური გადწყვეტილებები ეკონომიკურ რეფორმებზე ტლანქი და მოუქნელია.

და უკანასკნელ დღეებში სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს "ვინ ჩივის", როდესაც დემოკრატიის დეფიციტი შეუძლებელს ხდის ქმედითი და სწრაფი რეფორმების გატარებას მართლმსაჯულების, იუსტიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში?

დემოკრატიის დეფიციტი შეიძლება შეივსოს მხოლოდ დემოკრატიული გზით.

- საქართველოს სჭირდება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ერთ თვეში ნატოს სამიტია ბრუსელში და გეოპოლიტიკური გარემოებების ცვლილების ფონზე კარდინალური და გარდამტეხი გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში.

- საქართველოს სჭირდება დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრა იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი და მიიღოს საინვესტიციო ხარისხი, საერთაშორისო ინვესტორებს გაეზარდოთ ინტერესი და ნდობა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების დასაფინანსებლად.

დემოკრატია, და სახელდობრ, ლიბერალური დემოკრატია არის ერთადერთი კაპიტალი, რომლის გამოყენების პირობებში საქართველო შეძლებს აუცილებელი რეფორმების გატარებას მართლმსაჯულებასა და იუსტიციაში, ეკონომიკაშიც, განათლებაშიც, სოციალური დაცვის სისტემებშიც, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებშიც.

ტექსტი სრულად გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს

კომენტარები