ვლადიმირ პუტინი

პუტინი: ფედერალური სისტემა და NATO-ზე უარის თქმა უკრაინის პრობლემებს გადაჭრის

ORF

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ავსტრიაში ოფიციალურ ვიზიტამდე ავსტრიულ სატელევიზიო არხ ORF-ს მისცა ინტერვიუ.

ინტერვიუში მან უკრაინის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ფედერლურ სისტემაზე გადასვლა და NATO-ზე უარის თქმა "უკრაინის პრობლემებს გაჭრის."

"უკრაინის დამოუკიდებლობის იდეოლოგების, ურკაინელი ნაციონალისტების დიდი ნაწილი, რომლებიც დაჟინებით მოითხოვნენ რუსეთისაგან დამოუკიდებელი, უკრაინული სახელმწიფოს შექმნას ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, ასევე საუბრობდნენ რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაზე და უკრაინის სახელმწიფოს ფედერალურ პრინციპებზე დაფუძნებაზე."

"რაც შეეხება ნეიტრალურ სტატუსს, ეს საკითხი უკრაინელ ხალხზე და უკრაინის ლიდერებზეა დამოკიდებული. ჩვენთვის, რუსეთისთვის, მნიშნველოვანია, რომ უკრაინაში არ იყოს სამხედრო დაწესებულებები, რაც ჩვენს უსაფრთხოებას დაემუქრება, მაგალითად ახალი ანტი-სარაკეტო სისტემა რომელიც ჩვენს ბირთვულ პოტენციალს ემუქრება."

პუტინმა კომენტარი გააკეთა გამოძიებაზეც, რომელმაც დაადგინა, რომ რაკეტა, რომელმაც მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდო რუსული წარმოშობისაა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადიდან გაისროლეს. მან ბრალდება უარყო და თქვა, რომ კონფლიქტის ყველა მხარე ფლობს რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში დამზადებულ შეიარაღებას.

პუტინმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ერთიანი და წარმატებული ევროკავშირი სურს, რადგან ის რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია.

"რაც უფრო მეტი პრობლემაა ევროკავშირის გულში, მეტი პრობლემა და რისკი გვექმნება ჩვენ." "ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა ევროკავშირთან. ჩვენი მიზანი არაა ვინმეს ან რაიმეს დაყოფა ევროკავშირში." თქვა მან.

პუტინი დღეს ავსტრიის პრეზიდენტს ალექსანდრ ვან დერ ბელენს და ახლადარჩეულ კანცლერს, სებასტიან კურცს შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში კურცი რუსეთისათვის სანქციების მოხსნას უჭრდა მხარს და ევროკავშირს რუსეთთან საერთო ენის გამონახვისაკენ მოუწოდებდა.

სავარაუდოდ, შეხვედრებისას ერთ-ერთი თემა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები იქნება.

კომენტარები